logo
ENG



პაპუაშვილი: აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი

18 აპრ 202613:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/18/h3v1w107imf60ab.png

"ფორმულას" ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" ბრიტანულ მაუწყებელთან დავა მეორე ინსტანციაშიც წააგო. საუბარია BBC-ის შიდა რეგულირების მექანიზმზე, რომელმაც "ქართული ოცნების" საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

ამის შესახებ "ფორმულას" კითხვას შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, მისი თქმით დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი და ახლა მესამე საჩივარს ამზადებენ, რომელიც ისევ "ბიბისიში" შებრუნდება.

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე.

პროცედურულად რომ ავხსნა, ჯერ ჩვენ უნდა მიგვემართა თავად ბიბისისთვის. პროცედურის მიხედვით, ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელა, განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, რომ არა, ჩვენ ვართ მართლებიო. ეს საერთოდ აბსურდია. ჟურნალისტები, რომლებმაც ტყუილი გამოიგონეს, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. ამის შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი და, სამწუხაროდ, იმ მართლაც მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით, რომელიც ბრიტანეთში არსებობს და აბსოლუტურად არღვევს მაყურებლის თუ ადამიანის უფლებას, შევიტანეთ ხელახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, უფროსობა ასე ვთქვათ, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც, ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო და უარი შემოვიდა.

ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. ისევ "ბიბისის" უნდა მივმართოთ, სადაც ახლა კიდევ ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ, ასევე, "ბიბისიში" რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და  გაუშვა.

ასე რომ, ჩვენ ახლა ვამზადებთ, უკვე გამოდის მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ისევ "ბიბისიში". ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ უკვე სხვა ეტაპები აქვს. როგორც ირკვევა ახლა არის "ბიბისის" ბორდი, სადაც უნდა იყვნენ გარე ექსპერტები ჩართული, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ. პასუხი, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მივიღეთ ალბათ. თუ ასე ძალიან გაინტერესებთ, რამდენად სამარცხვინოდ იქცევა "ბიბისი", კი ბატონო. ჩვენ "ბიბისიში" გასაჩივრებას ფაქტობრივად ვუყურებთ, როგორც ფორმალობას. ფაქტია, ვინც დააშავა არ იტყვის, რომ მე ვარ დამნაშავეო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ბრიტანული მედიისგან იმ საგამოძიებო ფილმის წაშლას და ბოდიშის მოხდას ითხოვდა, რომელიც რეჟიმს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში ამხელს.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, თუმცა BBC-ის შიდა კონტროლის სამსახურმა ივანიშვილის პარტიას უარი უთხრა. ეს უკვე მეორე შიდა ინსტანციაა, რომელმაც დაადასტურა, რომ მომზადებული მასალა სრულად პასუხობს ჟურნალისტურ სტანდარტებს და რეჟიმის მხილება კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. 

 


close დახურვა