logo
ENG



პაპუაშვილი: გუშინ რაც ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე

26 ივლ 202211:26
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: გუშინ რაც ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტის შეურაცხყოფას "ცილისწამებაზე აგებულ ტიპურ პროვოკაციას" უწოდებს.

"ჩვენ რაც ვიხილეთ გუშინ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. თითქოს რაღაც კითხვა არსებობს, ლეგიტიმური, რეალურად, არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს, ჩვენ ვნახეთ, რაზე აეწყო ეს ცილისწამება. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ რაღაც დაგუგლა. დაგუგლვაზე რომ ჟურნალისტი ააწყობს კითხვას და მედია სიუჟეტს, პირველი ეს აჩვენებს, რომ მართალი იყო ეუთო/ოდირი, როდესაც ამბობდა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული", - თქვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ჟურნალისტმა "სავარაუდოდ, არც კი იცოდა ვისზე საუბრობდა და რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები ქართულ ისტორიაში, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში."

"ამ კითხვაში არაფერი არ იყო ჩვეულებრივი, როგორც მისი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, როგორც იმ ადამიანის დამსახურების და როლის გათვალისწინებით, რომელზეც ჰქონდა ჟურნალისტს საუბარი, მან სავარაუდოდ, არც კი იცის ვისზე საუბრობს. რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები ქართულ ისტორიაში, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, სავარაუდოდ, არც კი იცის ვისზე საუბრობს და რას საუბრობს, ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია ამ კითხვას არ გააჩნდა, კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია საქართველოს მიმართ დეზინფორმაციით", - თქვა პაპუაშვილმა.

გუშინ ირაკლი კობახიძეს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "კობახიძის მამა კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".


close დახურვა