logo
ENG



პაპუაშვილი: ვაგზავნი კანონპროექტს ვენეციის კომისიაში

08 მარ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/08/6cg2i0mhrpff757.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნის გუშინ, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს.

"მე ვაგზავნი კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ვენეციის კომისიაში, რათა ვიპოვო ბალანსი ერთის მხრივ, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს შორის და მეორეს მხრივ, არაკომერციული ორგანიზაციების თავისუფლებასა და უფლებებს შორის", - წერს Twitter-ზე პაპუაშვილი.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს, შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.


close დახურვა