ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევის კონკურსის ჩაშლა სცადა. დეპუტატმა ფეისბუქზე ორგანიზაცია ISFED-ის განცხადება გააზიარა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე არცერთს, ხოლო წევრად ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი.
"როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.
ამასთან, ალბათ, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა. ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა", - წერს პაპუაშვილი.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ მისცეს ხმა, რითაც შესარჩევი კონკურსის ჩაშლა სცადეს:
"ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არარჩევა რეფორმირებული კანონმდებლობით კი გამოიწვევს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, რომელშიც ოპოზიციას ექნებოდა უმრავლესობა, რომლის თავმჯდომარე იქნებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე".
პაპუაშვილის შეფასებით, ეს "კოორდინირებული ქცევა" და კანდიდატების რეპუტაციის შემლახავი კამპანია, მომავალი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის პრეცედენტია.
ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე შესარჩევმა კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია. თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს იურისტი იყო. 2020 წლის არჩევნების წინ დაინიშნა HR დეპარტამენტის უფროსად და ამჟამადაც ამ პოზიციაზე მუშაობს.
გიორგი სანტურიანი კი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.
გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შერჩეულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ ისინი საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებენ.
რაც შეეხება კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციას - სულ 5 კანდიდატი შეირჩა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.
პრეზიდენტი კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი აირჩევს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში 6 თვე იქნება.
ახალმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიას ადგილი უნდა დაიკავოს, რომელმაც თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.