logo
ENG



პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა

23 აპრ 202412:26
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსება გაუმჭვირვალეა. ჟურნალისტებთან საუბრისას პაპუაშვილი სწორედ ასე ხსნის კანონის მიღების აუცილებლობას.

მისი მტკიცებით, ევროკავშირის ფულით საქართველოში "რადიკალური ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები" ფარულად ფინანსდება.

"ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდის, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის სწორედაც რომ საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებებისა.

სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ ვერ შევძელი და ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება", - თქვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას 9 პუნქტში წერს, და შემდეგ "თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ".

"ეს პრობლემაა და ამაზე საელჩომ უნდა იზრუნოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს... ჩვენ ვნახეთ სულ ახლახან, როცა პრიზები გადასცა ევროკავშირმა სხვადასხვა მედიასაშუალებას და პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის პრიზი გადასცეს ადამიანს. ეს, რა თქმა უნდა, ახალისებს შემდეგ უკვე ასეთ ქმედებებს. ამიტომ, პრობლემაა, როცა საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომელიც პირდაპირ დეზინფორმაციულია, პროპაგანდისტულია.

როცა შემდეგ ელჩებს და წარმომადგენლებს ვხვდები და საუბარია დეზინფორმაციაზე, ამ საკითხზე ვეუბნები, რომ კი მაგრამ, თქვენ თვითონ აფინანსებთ ღიად დეზინფორმაციულ კამპანიებს ქვეყნის წინააღმდეგ. როცა ევროკავშირის ფული იხარჯება არა უბრალოდ დეზინფორმაციაზე, არამედ ისეთ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია, არევა ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა", - ამბობს პაპუაშვილი. 


close დახურვა