ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ და სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ოპოზიცია "მაგიდის აყირავებას ცდილობს".
მისი თქმით, ოპოზიცია "უკვე მერამდენედ ცდილობს, ასე მოიქცეს მაშინ, როცა შეთანხმება ახლოსაა".
პაპუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა:
"მიხვდით, ჰო, რაც ხდება?
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს.
ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს... ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად ლელოს და ტვ პირველის ხელით...
უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო.
ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად.
არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი... რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ.
გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა". - წერს პაპუაშვილი.
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.