logo
ENG



პაპუაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: როდესაც ხდება თავდასხმა ქართველ ხალხზე, ამას მხარს არ დავუჭერთ

18 ოქტ 202213:45
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: როდესაც ხდება თავდასხმა ქართველ ხალხზე, ამას მხარს არ დავუჭერთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ PACE-ს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის "პუტინის პატიმრად" მოხსენიება "ქართულ სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმაა".

პარლამენტის პლენარულ სესიაზე მან განმარტა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რატომ არ დაუჭირა ოცნებამ მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

ამავე რეზოლუციაში საუბარი იყო პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც.

"რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა და ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. რა ტექსტიც არ უნდა იყოს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, იმას არც პირადად ჩემი და არც ქართული ოცნების მხარდაჭერა არ ექნება"- თქვა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.

ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.

მე-4 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა წინადადება:

„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“).

საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.

 


close დახურვა