logo
ENG



პაპუაშვილი გვარამიაზე: ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, შემთხვევითი არაა, რომ მოტივი არ დაასახელა

23 ივნ 202310:58
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლა იყო.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ ზურაბიშვილმა გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა.

"რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა იყო ღიაც და არა ღიაც. იმედი გვქონდა ჩვენ, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია, და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიწყალა ვინაიდან განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა


close დახურვა