logo
ENG



პაპუაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს

31 დეკ 202112:59
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "ყველა თანხმდება, რომ ინსპექტორის სამსახური გასამიჯნი იყო". 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

"ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსია იყო საკმაოდ ინტენსიური და საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება ალბათ რამდენიმე რამეზე: ის, რომ ეს უწყება იყო გასამიჯნი, ამაზე მგონი ყველა თანხმდება, რომ უნდა არსებობდეს ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუცია და ცალკე ინსტიტუცია, რომელიც იმუშავებს იმ გადაცდომებზე თუ დანაშაულებზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილი მუშაობდა. ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, ასე რომ აქ ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს", - ამბობს პაპუაშვილი. 

30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

გუშინ, კანონპროექტის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს. 

"ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა", - თქვა მან. 

მანამდე, 27 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა.  


close დახურვა