პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერება/არშეჩერების საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.
როგორც პაპუაშვილმა მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა მანდატი დეპუტატების ნაწილს შეუჩერდეთ.
"შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია არ ჩავაგდოთ, შეიძლება ნაწილს შევუჩეროთ. ანუ ვარიანტები ბევრია. ეს მოხდება იმის მიხედვით თუ რა იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა, რომ ერთის მხრივ ხელი შეუშალოს დესტრუქციას და იმ სავარაუდო სცენარს, რომელიც ჩვენ ოპონენტებს აქვს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებას მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია. საკითხი კენჭისყრაზე 2 თებერვალს უნდა დადგეს.
მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ და მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი.