logo
ENG



პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმზე: არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს

30 იან 202612:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/30/sviwtafvmxy5llc.jpg

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ მას "ქვეყნის იმიჯთან არანაირი კავშირი არ აქვს".

პაპუაშვილის მტკიცებითვე, ეს არის მომხსენებლის ინსტიტუტი და მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

"რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, არანაირი კავშირი მას ქვეყნის იმიჯთან არ აქვს. ეს არის მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც აქვს ევროსაბჭოსსაც და სხვა ინსტიტუტებსაც, ეს არის მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ შეადგენს საკუთარ ანგარიშს, მოხსენებებს და რეკომენდაციებს. ეს არ არის არც გამოძიება, არც სასამართლო, არც სავალდებულო რაიმე შინაარსის შედეგები, რომელიც აქვთ. ეს არის ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია ან ანგარიში"- თქვა პაპუაშვილმა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა ქართული ოცნების ნარატივი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის" იყენებენ.

"ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის გამოყენება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვის და იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქართველი ხალხი. ეს არის ასეთი ინიციატივების მოტივაცია, ეს არის მეგობარი აქტები, რეზოლუციები და ა.შ ეს არის ერთი და იგივე მეთოდი დაშინების მცდელობისა. მაშინ, როდესაც ღია კარს ამტვრევენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ.

ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას და ვხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან ჩასულები და ამიტომაც არიან, სადაც არის დღეს ბრიუსელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კაია კალასს რომ არ ხვდება, ასეთი არაკვალიფიციური პოლიტიკის გამო, რაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩანს, რომ მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ დიალოგს და საუბარს. აბსოლუტურად არაევროპულ ქცევას და ამის გამოვლინებაა საბოლოო ჯამში ასეთი სახის გადაწყვეტილებეი. ეს აჩვენებს, რომ არის სურვილი ქართველი ხალხის შანტაჟისა, დაშინების და ზეწოლის., ჩვენ არავისთან დასამალი არაფერი არ გვაქვს"- თქვა პაპუაშვილმა.

***

ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საექსპერტო მისიის დაწყების მიზნით.

ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

ამ კონტექსტში, ისინი ახსენებენ 2024 წლის 23 დეკემბრის ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ამოქმედდა "ვენის მექანიზმი" და დასძენენ, რომ მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა" მათი შეშფოთება.

კერძოდ, სახელმწიფოები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გარღმავებული შეშფოთების ფონზე, აამოქმედებენ მექანიზმს - "რათა შეიქმნას ფაქტების დადგენის მისია, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე".

 


close დახურვა