logo
ENG



პაპუაშვილი სააკაშვილზე: შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

29 სექ 202112:57
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი სააკაშვილზე: შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს. ამასთან, პაპუაშვილს არ სჯერა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება.

"ეს არის არამხოლოდ სასამართლოს განაჩენი სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, ეს არის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაჩენის საფუძველიც. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება", - ამბობს პაპუაშვილი.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა გასამართლებული: სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს.


close დახურვა