logo
ENG



პაპუაშვილი საპასუხო წერილს უგზავნის 7 ქვეყნის სპიკერს, ვინც კანონის გაწვევისკენ მოუწოდა

28 მაი 202419:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/7uwnjsq95zjqnm7.png

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპასუხო წერილს უგზავნის ევროპის 7 ქვეყნის სპიკერს, რომლებმაც მას წერილით მიმართეს და რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს.

პაპუაშვილი წერილში კვლავ "მსოფლიო მასშტაბით ფარულ, საგარეო ჩარევასა და ამაზე რეაგირების აუცილებლობაზე" საუბრობს და მაგალითად ისევ სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა მოჰყავს. ის ამბობს, რომ "საბაზისო პრინციპია" ფინანსური აქტორების გამჭვირვალობა და ირწმუნება, რომ "ეს პრობლემა საქართველოში ყველა წერტილიდან მოდის".

წერილში პაპუაშვილი ორგანიზაცია - ევროპის დემოკრატიის ფონზე (EED) ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს პარლამენტის სპიკერებს, შეისწავლონ ფონდის საქმიანობა საქართველოში. ის სპიკერებს ეუბნება, რომ ფონდი, რომელიც მათ შორის ამ ქვეყნების გადასახადების გადამხდელების მხრიდან ფინანსდება, არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოში, ასევე მათი მოქალაქეების წინაშე.

"ვინაიდან თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე - ევროპის დემოკრატიის ფონდზე გავამახვილო ყურადღება. ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი, გადასახადების გადამხდელების მიერ. [...]

ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა", - აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.

წერილში ის ასევე "ფარული სქემების აღმოჩენაზე" საუბრობს და  ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება "აგრძელებს სხვადასხვა ფარული სქემების აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება".

პაპუაშვილი წერილში კვლავ რუსული კანონის "სიკეთეებზე" საუბრობს და დარწმუნებულია, რომ "დრო აჩვენებს, ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება.

ევროპის 7 ქვეყნის სპიკერმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გაიწვიონ რუსული კანონი. წერილი 24 მაისითაა დათარიღებული. ევროპელი სპიკერები საუბრობენ საქართველოს პროგრესზე წლების განმავლობაში, თუმცა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ისინი აცხადებენ, რომ რუსული კანონის შინაარსი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

  • ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი
  • ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვა
  • ესტონეთის რესპუბლიკის რიიგიკოგუს [პარლამენტი] თავმჯდომარე ლაური ჰუსსარი
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი იაელ ბრაუნ-პივეტი
  • ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი დაიგა მიერინა
  • ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილეტე-ნილსენი
  • ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე მარტინ ბოსმა
  • პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი მალგოჟატა კიდავა-ბლონსკა
  • პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი სიმონ ჰოლოვნია

close დახურვა