logo
ENG



პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება

20 მარ 202314:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/20/bih5333m6vd7f7s.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს, თუმცა აქვე საუბრობს "ფარისევლობასა და გესლზე", რომელიც მისი მტკიცებით, იმავე ტელევიზიების სტუდიებიდან მოედინება. მისი თქმით, ტურაშვილის მდგომარეობა იმ "ზიზღის კამპანიის" შედეგია, რომელიც სოციალურ მედიაშია.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს, რთულია, არ დაინახო ის ფარისევლობა, რომელიც იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში, თუ გვერდზე სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება, ეს სწორედ ის გესლი, რომელიც ასეთი მედიიდან მოედინება.

გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიებიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა? ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთებენ და ცდილობენ, რომ შხამი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში, ეს ადამიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა. ადამიანები, რომლებიც სხვებს მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან სხვა ადამიანებზე", - აცხადებს პაპუაშვილი.

19 მარტს ტურაშვილი გადაცემაში მე-17 სართული მის მიმართ მიმდინარე შავ კამპანიაზე საუბრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით დაწერა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა სოფო ხუნწარიამაც:

"#ქართულიოცნება თქვენ ხართ მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა იარაღს დაახლი თუ სიტყვით მოწამლავ და მოკლავ. ნაძირლების ბრბო, რომელიც მხოლოდ ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას. დღეს მე რასაც ვუყურე, ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ - პირადად მე ერთი სოფო ხუნწარია. ბუნებრივია ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება. ვერ დაგვხვრეტთ და ვერ მოგვკლავთ ვერცერთს. სიმართლის მხარეს ვართ და მაგიტომ და სულ ასე იქნება", - დაწერა ხუნწარიამ.

მოგვიანებით დათო ტურაშვილის შვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მამამისი კლინიკაში რჩებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.


close დახურვა