ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის მონახულების უფლება არ მისცა.
"შალვა პაპუაშვილმა უარი მითხრა დეპუტატის უფლებამოსილების ფარგლებში საპატიმრო დაწესებულებაში მომენახულებინა პროტესტის დროს დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი, რომელსაც ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა და ციხეშიც ცუდ პირობებში იყო", - წერს დეკანოიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
ომარ ოკრიბელაშვილი პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს დააკავეს. შსს მას რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ომარ ოკრიბელაშვილზე დაკავებისას პოლიციის მრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. გარდა ამისა, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შსს-ს თანამშრომლებმა ომარ ოკრიბელაშვილის მამა აიძულეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში მისულიყო და შვილის საწინააღმდეგო ჩვენებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაკავებულის მამისთვის ეს უფლება არ განუმარტავთ.
DRI-ში აცხადებენ, რომ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტამდე ომარ ოკრიბელაშვილს საკანში "ჯოჯოხეთურ პირობებშუ" უწევდა ყოფნა.