logo
ENG



პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის წესთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

15 სექ 202200:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/5xwqg1k7ouugju0.jpg

პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. 31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები დადგინდება არსებული წესებისგან განსხვავებულად, რათა ის, რაც პრაქტიკით უნდა დარეგულირდეს, განისაზღვროს სამართლებრივი აქტების მეშვეობით. სწორედ არსებულ პროცედურებს არეგულირებს თავმჯდომარის ბრძანება.

2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდება ინფორმაცია პარლამენტის მიერ განაცხადების მიღების თაობაზე. გარდა ამისა, განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო 9-წევრიან ჯგუფს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა. შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.

 


close დახურვა