მადონას საკონცერტო ტურნეს ფარგლებში პარიზში დაგეგმილი ფინალური შოუები გაუქმდა. გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ათასზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება აკრძალა.
ამერიკელი მომღერალის კონცერტი დღეს და ხვალ პარიზში უნდა გამართულიყო. პოპ დივას ფინალური შოუები თავდაპირველად პირველ და შვიდ მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა მომღერალმა კონცერტები ფიზიკური ტრავმის გამო გადადო. 61 წლის არტისტის შოუზე 2,800 ადამიანი გეგმავდა დასწრებას.