logo
ENG



პარლამენტთან გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს

18 ივლ 202114:19
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შესასვლელთან პარტია ლელო-ს წევრები გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

ისინი პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ და პოლიციისგან ითხოვდნენ განმარტებას, რის საფუძველზე არ ეძლეოდათ ამის საშუალება. 

პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ლელო-ს წარმომადგენლებმა ტერიტორია არ დატოვეს, ისინი დააკავეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. ამ წუთებში უმრავლესობის წევრები მსჯელობენ, გაგრძელდება თუ არა მინისტრის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში.

 

close დახურვა