logo
ENG



პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება

10 ოქტ 202017:09
3 წუთის საკითხავი
clock 1106

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოძრაობა სირცხვილიას წევრები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციას მართავენ და ითხოვენ, შეწყდეს კარტოგრაფების საქმე. 

აქციის ორგანიზატორები კარტოგრაფებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ დათქმით, ისინი მმართველმა გუნდმა დააკავა, რათა თავის პოლიტიკური მიზნებს მიაღწიოს. 

მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან. მისი თქმით, მსგავსი ქმედებებით ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

"ამ აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რეალურად ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს. პოლიტპატიმრების სია ქვეყანაში გაიზარდა, ახლა გიორგი რურუასთან ერთად პოლიტიკური პატიმრები არიან ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი.

ყველაზე სახიფათო ამაში არის ის, რომ ქართული ოცნება რეალურად ქვეყნის ინტერესებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისრები გადაიტანონ რუსეთიდან. რომ ჩვენ რუსეთს აღარ დავუძახოთ ოკუპანტი, რომ ჩვენ აზერბაიჯანი გვეგონოს, თურქეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მიწების მიმტაცებელი. ეს არის ქართული ოცნების ფარსი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება",-ამბობს რუხაძე.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".


close დახურვა