მსოფლიოს მასშტაბით, თბილისი უერთდება 51 ქალაქს, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
ყველა ქვეყანაში ამ აქციის ორგანიზატორები უკრაინელები არიან.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "ეს აქცია არის იდეალური იმისათვის, რომ ქართველებმა კიდევ ერთხელ გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თავად უკრაინელებმა კი, სწორედ, ამ მხარდაჭერის გამო საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადონ."
აქციის დაწყებამდე გაიმართა მსვლელობა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა.
"24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავია. ამ დღეს ასევე ვუძღვნით ყველას, ვინც გასული 6 თვის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას. გახსოვდეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მაშინ, თუ ერთად ვიქნებით! ამიტომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ უკრაინის მხარდასაჭერად, იმ გმირების სადიდებლად, რომლებიც უშიშრად იცავენ ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალს დამპყრობლებისგან. ჩვენ არ დავმორჩილდებით. არ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვებთ"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.