logo
ENG



პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

03 აპრ 202220:25
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ანა აბაშიძე

"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აქციაზე არ არის სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე უკრაინაში ომის შესახებ კადრები გაუშვეს, ასევე, ჩართეს უკრაინული სიმღერები.

აქციის ორგანიზატორები არიან: თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ევროპული საქართველო და ტაბულა.

აქციის საინფორმაციო განცხადებაში წერია:

"თვეზე მეტია უკრაინელი ხალხი თავისუფლებას ბოროტებისგან თავდაუზოგავად, უდიდესი სისხლის ფასად იცავს!

სამყარო შავ-თეთრად გაიყო, თავისუფლების მხარდაჭერა დღეს უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს და ყველა თავმოყვარე ერის ღირსების საკითხია!

საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ღირსებას გვილახავს,
მტრის ვერ მცნობ და მოყვრის მგმობ საზოგადოებად წარმოგვაჩენს, რომელმაც წარსულიდან ჭკუა ვერ ისწავლა, მზადაა უსაფრთხოების ილუზიისთვის თავისუფლება დათმოს და შედეგად, თავისუფლებაც დაკარგოს და უსაფრთხოებაც!

100 წლის წინ, ჩვენმა დემოკრატიამ სამი წელი გაძლო, სანამ რუსული მონსტრი დაიპყრობდა და ტვინს, გულსა და სულს ამოაცლიდა!

ახლა 30 წელია ვძლებთ! მაგრამ, თუ ასე გავაგრძელეთ - დიდია საფრთხე თავისუფალ სამყაროსთან დამარცხებული პუტინის გავლენის ჭაობში ჩავრჩეთ და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრების ისტორიული შესაძლებლობა დავკარგოთ.

ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება მოვიკრიბოთ ძალა, გავიხსენოთ რა დევს სასწორზე და ჩვენი ისტორიული მიზნის დასაცავად გავერთიანდეთ.

ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება 3 აპრილს გამართავს აქციას უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად.

აქციაზე მოისმენთ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი. აქცია მიეძღვნება ეროვნულ მიზანს.

მიზანს, რომელიც ყველა ჩვენგანზე ბევრად დიდია და გაერთიანების ძალას გვაძლევს, როდესაც შეუთანხმებლად, განურჩევლად პარტიული გემოვნებისა, ქუჩაში გავდივართ.

3 აპრილს, 20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან უკრაინის მხარდასაჭერად, ძალის მოსაკრებად და საერთო მიზნის გასაცხადებლად! თავისუფალ უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს!"


close დახურვა