თბილისში, პარლამენტთან ყაზახი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყაზახეთში უნდა დასრულდეს კორუფციული მმართველობა და ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
"აქ მოვედი ჩემი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატავად. ვთხოვ ყაზახებს, ვიყოთ ერთად ასეთ რთულ დროს;არ დავუშვათ სისხლისმღვრელი ძმათა ომი. მე მინდა მშვიდობა და აყვავება ჩემი ქვეყნისთვის და არა კორუფცია. არ ვიცი რა შედეგი ექნება ძალების შეყვანას ყაზახეთში. მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი შენარჩუნებული იყოს. ნაზარბაევი კი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს", - ამბობს რაუშან ბურკენბაევი.
აქციაზე ყაზახური დიასპორის გარდა, იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, კერძოდ რუსეთიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ არ მოსწონთ რუსეთის ჩარევა ყაზახეთის შიდა საქმეებში.
"მე რუსეთიდან ვარ. რუსეთმა შეიყვანა ე. Წ. მშვიდობისმყოფელები და სწორედ ეს ხალხი ახშობს ახლა პროტესტს ყაზახეთში. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ვეწინააღმდეგები სამხედრო ინტერვენციას, პოლიტიკურ აგრესიას ქვეყნის გარედან. ძალების შეყვანის გამო, ყაზახეთი უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე. პირდაპირ ტერიტორიები რომც არ მიიტაცოს რუსეთმა, ყაზახეთისთვის მდგომარეობა მაინც ცუდი იქნება. რუსეთი საერთოდ არ უნდა ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ეს აღმაშფოთებელია", - განაცხადა ალექსანდერ საფეევმა.
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. 6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკაბები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა ჯარს გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის უფლება მისცა.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაციის დროს 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა. გენერალურ პროკურატურამ პროტესტის ფონზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
როგორც ცნობილია, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები უკვე მონაწილეობენ ოპერაციებში. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ОДКБ-ს სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან. ეტაპობრივად ჩაფრინდებიან შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნის სამხედროებიც.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან, თუ რატომ არიან უცხო ქვეყნის ჯარები ყაზახეთის მიწაზე, როდესაც ყაზახეთს თავად აქვს საკუთარი სამხედრო რესურსები. ნედ პრაისის თქმით, აშშ დააკვირდება უცხო ჯარების მოქმედებას ყაზახეთის ტერიტორიაზე და ასევე, ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.