პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს უყრის. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. უცვლელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაც.
შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.
განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს - კერძოდ, გიორგის რურუას საპატიმროდან გათავისუფლებისთვის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.