logo
ENG



პარლამენტი ნარკოტიკული საშუალებების დოზების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

31 იან 202116:36
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტი ნარკოტიკული საშუალებების დოზების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

2 თებერვლიდან პარლამენტი ნარკოტიკული საშუალებების დოზების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. 

კანონპროექტის ინიციატორები მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან. 

განმარტებითი ბარათის მიხედვით:

"მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.

ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. მაგალითად, კომბინირებულ პრეპარატებში სუფთა ნივთიერების ხვედრითი წილის მიხედვით ხდება აღნიშნული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ოდენობის დაანგარიშება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწა. აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია განჭვრეტადი საკანონმდებლო ნორმის არსებობის აუცილებლობასთან". 


close დახურვა