logo
ENG



პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

01 ივლ 202008:40
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, საჭირო ხდება ახალი საარჩევნო კოდექსიც, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და სხვა საკითხებს დაარეგულირებს. დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას კენჭს დღეს უყრიან.

ოპოზიცია საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს ცვლილებებს. მათ მიაჩნიათ,  რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.

„ეუთოს მიერ გაცემული იყო რეკომენდაცია დაახლოებით 30 მიმართულებით. ამ ცვლილებებით მხოლოდ სამია შესრულებული მთლიანად და 7 სანახევროდ. დანარჩენი კვლავ არის მიტოვებული ისე, როგორც არის. არავითარი რეაგირება არ ხდება მოსყიდვაზე, დაშინებაზე, ძალადობაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ფაქტიურად, ამ კოდექსით კვლავ შეიძლება მანიპულირება და ამას როგორც იყენებდა, ისევე გამოიყენებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, კანონპროექტში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სრულად არ არის გათვალისწინებული. 

„საარჩევნო კოდექსში „ევროპულ საქართველოს“ რამდენიმე შენიშვნა აქვს, რაც გამომდინარეობს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან. პირველი ეხება თავშეყრის აკრძალვას საარჩევნო უბანთან. მაგალითად 150 ან მეტი რადიუსის ფარგლებში გამომდინარე იქიდან, რომ ამას იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება“ ძალდატანებისთვის, დაშინებისთვის და სხვა ტიპის მანიპულაციებისთვის. მათ შორის, მათ კოორდინატორები მიდიან და ინიშნავენ ვინ მივიდა არჩევნებზე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკითხი, რომელიც ეხება ღია სიებს. მიგვაჩნია, რომ პარტიას უნდა ჰქონდეს უფლება, სიაში კონკრეტული პოლიტიკოსების ადგილი განისაზღვრებოდეს მათ მიერ მიღებული შედეგებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საეუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და მისი მიღება საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„დღეს პლენარულ სხდომაზე იქნება პირველი მოსმენით კენჭისყრა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და თანმდევი პროექტის. „ქართული ოცნების’ გუნდის მხრიდან ამ ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. ამის შემდეგ უკვე ჩავატარებთ მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ან დღესვე ან ხვალ და ვფიქრობთ, კვირის ბოლომდე უნდა დავასრულოთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის, საარჩევნო გარემოს მეტი გამჭვირვალობისთვის და რაც მთავარია, ეს ცვლილებები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ეუთო/ოდირის ყველა ძირითად რეკომენდაციას“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.


close დახურვა