logo
ENG



პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023-ის ანგარიშში გელათის პრობლემაზე არაფერი წერია

14 მარ 202414:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ პრობლემებსა და საფრთხის ქვეშ მდგარ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არაფერია ნათქვამი.

ანგარიში 35-გვერდიანია და მასში დეტალურად არის აღწერილი 1 წლის განმავლობაში კომიტეტის წევრების მიერ კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ამბობდა, რომ გელათის "თემატიკას ჩაღრმავება და კარგად შესწავლა" სჭირდებოდა, 2023 წლის ანგარიშში კულტურულ ძეგლზე არაფერი წერია.

ქართული ოცნების დეპუტატის დავით მათიკაშვილის განმარტებით, გელათის თემა ანგარიშში იმიტომ არ მოხვდა, რომ საკითხმა "საპატრიარქოს დაქვემდებარებაში" გადაინაცვლა. პარალელურად ის ირწმუნება, რომ გელათის საკითხზე "საპარლამენტო ზედამხედველობა იმაზე მეტი ხორციელდება, ვიდრე მოცემულობას შეესაბამება".

"ამ საკითხმა გადაინაცვლა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. შესაბამისად, იმ დოზით საპარლამენტო ზედამხედველობის მასშტაბი, რაც ამ კუთხით შესაძლებელია, ცხადია, ხორციელდება და არა იმაზე მეტი, ვიდრე ეს მოცემულობას შეესაბამება", - თქვა დავით მათიკაშვილმა.

ანგარიშში ასევე არაა საუბარი კინოცენტრიდან, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და მათ მიერ სასამართლოსთვის მოგებულ დავებზე, ხელოვანების პროტესტსა და ბოიკოტზე, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციაზე.

ლელოს წევრი დეა მეტრეველი ამბობს, რომ "ანგარიში ისეთივე სტერილური და უშინაარსოა, როგორც თავად კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელობის საქმიანობა". მისი თქმით, დოკუმენტი "ქართული ოცნების აღიარებითი ჩვენებაა ხელისუფლების უმოქმედობისა და არაკომპეტენტურობის კულტურული მემკვიდრეობების, განსაკუთრებით კი გელათის განადგურების საერთო საქმეში".

"დიახ, კომიტეტი ისეთივე დახურული და გასამხედროებული იყო ეს წლები, როგორც თავად კულტურის სამინისტრო და ანგარიშის ყოველ გვერდზე ისტერიულად იმის გამეორება, რომ კომიტეტის პრიორიტეტი ყოფილა „კულტურულ სფეროში საზოგადოების ფართო ჩართულობის ხელშეწყობა“, კიდევ უფრო მეტად კომიკურს და სევდიანს ხდის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელობის ისედაც არაფრისმთქმელ იმიჯს.

ეს დოკუმენტი ქართული ოცნების აღიარებითი ჩვენებაა ხელისუფლების უმოქმედობის, გულგრილობის და არაკომპეტენტურობის კულტურული მემკვიდრეობის და განსაკუთრებით გელათის განადგურების საერთო საქმეში. ეს დოკუმენტი არის მტკიცებულება იმისა, რომ 2020-2024 წლის მოწვევის პარლამენტის კულტურის კომიტეტმა არ შეასრულა მასზე კანონით ნაკისრი საზედამხედველო ფუნქცია და საკუთარი უმოქმედობით ქართული საგანძურის განადგურების თანამონაწილე გახდა", - წერს დეა მეტრეველი Facebook-ზე.

***

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო. 

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.


close დახურვა