logo
ENG



პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიცია მეტეხთან საერთო დეკლარაციას მოაწერს ხელს

30 ნოე 202016:33
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/wyubghd7ptg2na5.jpg

მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია მეტეხთან შეკრებასა და იქ საერთო დეკლარაციის გაფორმებას გეგმავს. დღეს, 30 ნოემბერს ლელოს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ამავე ღონისძიებაზე, პარლამენტში გასული ოპოზიციონერებიც დაწერენ განცხადებას მანდატების დატოვებაზე. 

"ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს ქვეყანაში, შეიკრიბება მეტეხთან, სადაც ჩვენ გავაფორმებთ დეკლარაციას, ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს ხელს ამ დეკლარაციას. გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად ჩაიხსნება ყველა პარტიული სია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ევროპული საქართველის ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მათ საერთო დეკლარაციაში გაწერილი იქნება მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე. 

"გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინაარსი არის შემდეგი - ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი სისტემით, ახალი შემადგენლობით დანიშვნა. ამ დეკლარაციას ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება", - ამბობს გიგი უგულავა. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 


close დახურვა