პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული, სადაც აქციას სტუდენტები მართავენ. ახალგაზრდებმა, რომლებიც მობილობის რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით მთელი დღის განმავლობაში პროტესტს განათლების სამინისტროსთან გამოხატავდნენ, დღის ბოლოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
ისინი პარლამენტთან კარვების დადგმას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.
განათლების მინისტრი სტუდენტების მოთხოვნას არ გამოეხმაურა. სტუდენტებს სოციალური ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უპასუხა. მისი განმარტებით, მობილობის მსგავსი სქემა უცხოეთის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრის შეთავაზებების თაღლითური სქემები გახშირდა. ცვლილება 2019 წელს შევიდა ძალაში. განათლების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სტუდენტები ერთი წლით ადრე გააფრთხილეს.
გამოცდა ხვალ არის ჩანიშნული. სტუდენტების ნაწილი აქციას გამოცდის პარალელურადაც გამართავს.