logo
ENG



პარლამენტის წინ აქცია მესამე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს

16 ნოე 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
skgzouq6lfrnlnc.jpg

პარლამენტის წინ უკვე მესამე დღეა სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დარღვეულ პირობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ღამეს ქუჩაში ათენებენ და მათი მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.

„არაფერზე უკან არ ვიხევთ. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტს შეცდომებს უშვებს ხელისუფლება, მით უფრო ბრაზდება საზოგადოება. ხვალ იქნება პირველი ტესტი, რათა გავიგოთ, რამდენი ათასი ადამიანია მზად, იბრძოლოს ამ ქვეყნის გადასარჩენად და რუსეთის კლანჭებისგან დასახსნელად“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

„ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს ექნებათ მნიშვნელობა და არა მმართველებს“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ გეგუჩაძე.

აქციაზე მისული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.

„ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს უზურპირებულ ძალაუფლებას, მოუწევს დათმობაზე წასვლა. მოუწევს რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„საპროტესტო აქციები გრძელდება და გაგრძელდება, რადგან დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანას ჰყავს გადამგდები, უსინდისო ხელისუფლება, რომელიც ყოველ წუთში ხალხს ატყუებს და დასცინის. ბიძინა ივანიშვილმა აირჩია ასეთი გზა, ამიტომ მას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

პარლამენტის წინ უწყვეტი აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლის თაობაზე. შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მთავრობის გადადგომას და ცესკო-ს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას. 

 


close დახურვა