საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლებიც იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთებს ზრდის, განსაკუთრებით - 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებისთვის.
კანონპროექტს 72 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილებების მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებზე აქციზი 1 სმ³-ზე 1.5 ლარით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებისთვის - 4.5 ლარით.
ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნდება შეღავათი და გადასახადი 60%-ით შემცირებული იქნება, ხოლო მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი გასამმაგდება. ელექტრო, მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის კი ფიქსირებული გადასახადი 3000 ლარი დაწესდება.
ცვლილებები არ გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც საქართველოში 2026 წლის 2 აპრილამდეა შემოყვანილი ან ტრანსპორტირება ამ თარიღამდეა დაწყებული.
