logo
ENG



პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

11 იან 202115:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/11/b0ldxx2m12kjrnd.jpg

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

კანონპროექტს, რომლის ავტორიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარკველაძეა, ქართული ოცნების 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს და 10 ათასამდე პრობაციონერს შეეხება.

"ჩვენი გამოთვლით, პატიმართა რიცხვი, რომლებსაც ამნისტია შეეხება, 1500-ს გადააჭარბებს. თითქმის 10 ათასამდე ავა იმ ადამიანების რიცხი, ვინც პრობაციის რეჟიმში მიიღებენ შეღავათს და მათზე გავრცელდება ამნისტია. უშუალოდ სასჯელის მოხდის პირობებში არიან ასევე პირები, რომლებსაც მაგალითად ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ უფლებები და ასეთთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება. რაც შეეხება 2012 წლამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს ამასთან მიმართებაში დაახლოებით 4 ათასს გადააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ეს ამნისტია შეეხება", - განაცხადა სარჯველაძემ.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). 

სარჯველაძის თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ითვალისწინებს იმათ გათავისუფლებას, ვინც საზოგადოებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ამნისტია ეხება 70-ზე მეტ მუხლს, მათ შორის ნარკოდანაშაულებს, ქურდობას, ფალსიფიკაციას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ მუხლს. არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას. 

ამნისტია ასევე არ შეეხება პატიმრებს, რომლებიც, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

 


close დახურვა