პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო.
კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.
ქართულ ოცნებას სურს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს, დაემატოს მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით: "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით".
რაც შეეხება ოცნების ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ კანონპროექტს, დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. შეზღუდვა ეხება შვილად - ერთნაირსქესიან წყვილებს აეკრძალებათ შვილად აყვანა. შვილად აყვანა აეკრძალებათ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანის შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი. აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ლგბტ პროპაგანდის" წარმოება.
რაც შეეხება ცენზურას, ეს მაუწყებლებს შეეხებათ. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.
ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური კანონი შეეხება შეკრებასა და მანიფესტაციას. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობისას დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.