პარლამენტმა პირველი მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიიღო. პროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 9.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო 12-პუნქტიან გეგმაში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროკომისიამ პირდაპირ მიუთითა ბიძინა ივანიშვილსა და მის არაფორმალურ გავლენებზე. თუმცა ქართულ ოცნებაში დაჟინებით აცხადებენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არაა. ამავე დროს, კი ამბობდნენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციაში არიან.
12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მმართველმა პარტიამ პირდაპირ გადმოიტანა დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი და ამას ამართლებს იმით, რომ მსგავსი კანონი მხოლოდ უკრაინას აქვს და სწორედ ეს ქვეყანა გახდა ქართული კანონის მოდელიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონის პირდაპირი გადმოტანის ნაცვლად, ქართულ რეალობაზე მორგებული დოკუმენტი უნდა შემუშავებულიყო.
კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: "ოლიგარქის" ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პროექტის მიხედვით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და მას სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ.