პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არავინ მისცა ხმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, საკანონმდებლო ორგანო დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით მომდევნო კვირაში მიიღებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები ცესკოს შემადგენლობისა და მისი თავმჯდომარის არჩევაში, კომისიების დაკომპლექტების წესში, აგიტაციასა და ხმების დათვლაში.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებით, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თამარ ჟვანია და პროფესიული ნიშნით არჩეული 5 ძველი წევრი ისევ თანამდებობაზე რჩება, რასაც მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნიან. სანაცვლოდ, როგორც მიშელის დოკუმენტშია მითითებული, ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე გაიზრდება. მათგან 9 პარტიული, 8 კი პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული.
ასევე, გათვალისწინებულია, რომ თავმჯდომარის მოადგილეს უმრავლესობაში არმყოფი პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან შეარჩევენ.
პროექტით, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით მხოლოდ საქართველოს პარლამენტი აირჩევს და არა თავად ცესკო. თუ მას აირჩევენ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადა იქნება 5 წელი, სხვა შემთხვევაში - 6 თვე. ცესკოს მსგავსი პროპორციებით დაკომპლექტდება საუბნო და საოლქო კომისიები. მათი შემადგენლობებიც იზრდება 17 წევრამდე.
კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი და არა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რომელსაც წინა რედაქცია ითვალისწინებდა.
კანონპროექტში გაწერეს, რომ დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში, ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელი იქნება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება, ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
პროექტით, შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დაიშვება მაშინ, როცა დალუქული პაკეტები გაიხსნება, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობასა და ბიულეტენებს ხელახლა გადაითვლიან. ეს მოხდება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
საარჩევნო რეფორმის ცვლილებებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.