logo
ENG



პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

29 დეკ 202121:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/29/xbd5ests3vc2d1m.jpg

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტს ხმა 82-მა დაუჭირა მხარი, 7-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". 

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

რაც შეეხება დისციპლური სახდელებს - არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დაემატება შემდეგი ორი პუნქტი: 

  • იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, "საერთაშორისო სტანდარტია, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური". 

"უნდა დაიცვას მთელი რიგი ის პრინციპები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ ნეიტრალურობას.

დღეს ერთ-ერთი სახდელი არის მოსამართლის გათავისუფლება. ჩვენ შემოგვაქვს დამატებით სახდელი, რომ მოსამართლე იყოს არა ჩამოცილებული საქმიანობიდან და გათავისუფლებული, არამედ იყოს სხვა უფრო მზღუდავი მექანიზმის გამოყენება - მაგალითად, სხვა სასამართლოში გადაყვანა". - თქვა ოხანაშვილმა

კანონპროექტით შემცირებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადებიც. 

მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელსაც სწორედ დარღვევების განხილვა ევალება, საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი საფუძვლიანობის შესასწავლად 2 თვე აქვს. 

ინიცირებული კანონპროექტით, ეს ვადა ერთ თვემდე მცირდება. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ცვლილებების მიღება საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებით ხდება. 

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა. 

კანონპროექტითვე, უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ერთი ვადით - 4 წლით შეუძლია წევრობა. 

საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 


close დახურვა