პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.
ცვლილებები შეეხება შრომის კოდექსს, ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი - შრომის ინსპექციის სამსახური.
შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში, ნებისმიერ სამუშაო ადგილას, გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ არსებობს იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა.
მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ინსპექტირების განსახორციელებლად.
მოითხოვოს ნებისმიერი მასალა ან ნივთიერება, გადაიღოს ფოტო და ვიდეო. აზომოს ტერიტორია.
გამოკითხოს სამუშაო ადგილას მყოფი ნებისმიერი პირი.
მოსთხოვოს ნებისმიერი ნივთის ან დოკუმენტის გადაცემა და სხვა.
ვრცლად შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების შესახებ ნახეთ აქ.
შრომის ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციები:
გაფრთხილება;
ჯარიმა;
სამუშაო პროცესის შეჩერება.
აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებითვის გონივრულ ვადას ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და გაერთიანებას (არსებულის შემთხვევაში) და/ან დასაქმებულის წარმომადგენელთან კონსულტაციის საფუძველზე.
შრომის ინსპექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.
კანონპროექტის მიზანი შრომის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაა.
განმარტებითი ბარათში წერია:
"ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები შრომის უფლებების დარღვევას, სხვა უფლებებს შორის, ყველაზე ხშირად უჩივიან. საგულისხმოა, რომ 2012 წელს ჩატარებული მსგავსი შინაარსის კვლევის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე დიდი ნაწილი შრომის უფლების დარღვევაზე საუბრობდა. ამასთან, 2019 წელს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა (CRRC) და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, სამუშაო ადგილზე ხდება არასათანადო ანაზღაურება (71%), შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%), სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა (57%), ანაზღაურების დაგვიანება (42%), ანაზღაურებადი შვებულების უფლების დარღვევა (30%), დეკრეტული შვებულების უფლების დარღვევა (15%). ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა 109 შემოწმება, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევასთან ერთად, ხშირად სახეზეა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებიც, მათ შორის, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევა, სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური ანაზღაურების, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების წესის დარღვევა. 2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა, შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების საჭიროებასთან ერთად".
კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიაშვილია. მასთან ერთად ინიციატორები არიან თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და ქართული ოცნების წევრები: სოფო კილაძე, დავით მათიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და რატი იონათამიშვილი.