პატიმრების ოჯახები ციხეებში COVID 19-ის კუთხით მძიმე ვითარებაზე საუბრობენ.
ერთ-ერთი პატიმრის, ქსნის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის ახლობელმა ფორმულას უთხრა, რომ პატიმრებს კორონავრუსის სიმპტომები აქვთ, აქვთ ტემპერატურა, თუმცა, კლინიკაში მხოლოდ 2 მათგანი გადაიყვანეს.
"დღეს დილით დამირეკა მეგობარმა ქსნის მე-15 დაწესებულებიდან, ძალიან გთხოვთ, მიშველეთო. აქ ჩვენი მშველელი არავინ არისო. პატიმრები ისე ვიხოცებით, პატრონი არ გვყავსო. ყველა ვირუსიანია დაწესებულებაშ, მთელი ციხე ცუდად არის, მაგრამ სიცხის საზომი და დამწევი წამალიც კი არ გვაქვსო. ჩვენთვის არც ტესტი ჩაუტარებია ვინმეს, ტყუილად ამბობს პენიტენციური, რომ ტესტირება ჩატარდაო. აქ რომ ტესტი გააკეთონ, მთელი ციხე წასაყვანი გახდებაო. მთელი ციხე მძიმე მდგომარეობაშიაო. პირადად მე 4 დღე სიცხე მქონდა, მაგრამ არავინ მომიკითაო".- თქვა მან.
ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2 პატიმარი კლინიკა ვივა მედში დღეს, 10 იანვარს გადაიყვანეს. მათ კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდათ და ახლა გამოკვლევები უტარდებათ. ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
რთულ ვითარებაზე ლაპარაკობს გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის ოჯახის წევრიც.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა გლდანში, ძალიან არის მოდებული კორონავირუსი. 2-3 პატიმარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არც სინჯავენ, არც ტესტს უკეთებენ. ჩემს მეუღლესაც 3-4 დღეა, სიცხეები აქვს. ტელეფონში ვერ გვეუბნებიან ყველაფერს". - თქვა ქალმა.
პენიტენციური დაწესებულებაშ ფორმულას უთხრეს, რომ "გუშინ, 9 იანვარს ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან სამი მსჯავრდებული გადაყვანილია სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. პრევენციის მიზნით, დაწესებულებიდან გაყვანამდე მოხდა მათი სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმება კოვიდ-19-ზე და სამივე პასუხი იყო უარყოფითი".