logo
ENG



პატიმრობა შეეფარდა 68 წლის ქალს, რომელმაც 33 წლის კაცს თავში ქვა ჩაარტყა

25 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
 

აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 68 წლის ქალს, რომელმაც სოფელ კარბში 33 წლის მეზობელ კაცს თავში ქვა ჩაარტყა. კაცი გარდაიცვალა.

დაცვის მხარე ქალისთვის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა "აუცილებელი მოგერიების მიზნით იმოქმედა, როდესაც დასისხლიანებული შვილი დაინახა".

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 24 ივლისს გავრცელდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა კაცი თავის მიწას რწყავდა. მეზობელმა მას წყალი გადაუკეტა, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ჩხუბში სხვა მეზობლებიც ჩაერთნენ.

გარდაცვლილს თავში ქვა სწორედ ამ დროს მოხვდა. ტრავმა მას 68 წლის ქალმა მიაყენა, რომელიც იმ ბიჭის დედაა, ვისთანაც გარდაცვლილს თავდაპირველად უთანხმოება მოუვიდა.

დაშავების შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ ის გორმედის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შეყვანიდან 1 კვირაში გარდაიცვალა.


close დახურვა