პატრიარქი ილია მეორე ევროკავშირის კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში 6 ივლისს გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და დელეგაციის წევრები.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.