მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით პრემიერმინისტრს წერილით მიმართა. ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს 2 აგვისტოს მიმართა.
"ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.
ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.
მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად", - აღნიშნულია წერილში.
ანჩისხატის ხატი ხელოვნების მუზეუმში ინახება. კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მუზეუმის განახლების სამუშაოების გამო კი ექსპონატების, მათ შორის ანჩისხატის სხვა სივრცეში დროებით გადატანა იგეგმება.
როგორც მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, ექსპონატების გადატანა ახლომდებარე სივრცეებში იგეგმება, თუმცა სად - მას ჯერ არ დაუკონკრეტებია.
ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას საპატრიარქო მრავალი წელია ითხოვს, თუმცა აქამდე მთავრობა თავს იკავებდა. რა პასუხი ექნება ხელისუფლებას ამჯერად, ჯერჯერობით უცნობია.