პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს მართავს. ცნობილია, რომ 4 აპრილს ისინი რუსეთის ფედერალურ საბჭოშიც იმყოფებოდნენ.
პატრიოტთა ალიანსიდან ფედერალურ საბჭოში შეხვედრაზე ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი იყვნენ. მითების დეტექტორის ინფორმაციით, მათთან ერთად იმყოფებოდა ორგანიზაცია რუსეთის ჯავახკური დიასპორის პრეზიდენტი, აგასი არაბიანი. არაბიანი 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. არაბიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარს აქტიურად უჭერს და მათ დე-ფაქტო ლიდერებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის წევრი, მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.
"დავით თარხან-მოურავმა ინფორმაცია მოგვაწოდა პატრიოტთა ალიანსის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე პარტია ქვეყნის ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების შესახებ", - წერია ფედერალური საბჭოს განცხადებაში.