logo
ENG



პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

21 დეკ 202016:10
3 წუთის საკითხავი
clock 1790
პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა

პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს დეპუტატის მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას ვერ ამტკიცებს, უსაგნოა, რადგან უამრავი შესაბამისი მტკიცებულება არსებობს.

"მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მეათე მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. სრულიად უსაგნოა ქართული ოცნების "ლოგიკა", რომელიც გვეუბნება, რომ თითქოს ვერ ამტკიცებს ოპოზიცია ამ არჩევნების გაყალბებას. არა ერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამის დამამტკიცებელი და დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს, გადახედონ იმ გადასწორებულ სამარცხვინო ოქმებს, რომლებიც გამოფინა თავის დროზე ცესკო-მ. 164%-იან ოქმებს ვგულისხმობთ", - თქვა ინაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსი დამოუკიდებლად მოქმედებს და საკუთარი სტრატეგია აქვს.

"ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არჩევნების უზურპაცია, ჩვენ ვიბრძოდით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ. დღეს ჩვენ ამ განცხადებებს შევიტანთ პარლამენტში, ვტოვებთ მანდატებს", - თქვა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმითვე, მას და პარტიის ლიდერებს კორონავირუსი ჰქონდათ და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში განცხადებების შეტანა ამის გამო ვერ შეძლეს.

"სამწუხაროდ, ვიყავი ავად და მანამდე ვერ მოვახერხე ამ განცხადების შეტანა. არა მარტო მე, არამედ ჩვენი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი იყო ავად კორონავირუსით. ახლა ჯანმრთელად ვარ, ძალიან ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას", - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო მანდატებზე უკვე უარი თქვეს ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის, ლელო-ს და ლეიბორისტული პარტიის არჩეულმა დეპუტატებმა. გარდა ამისა, მანდატზე უარი თქვეს ენმ - ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, ასევე გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის საპარლამენტო მანდატებს ინარჩუნებენ: გირჩის 3 წარმომადგენელი (იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი); პარტია მოქალაქეების ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზეს. 

მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები უწევენ ფასილიტაციას, შეთანხმება ვერ მოხერხდა - ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა ამ დრომდე ერთპარტიულად მიმდინარეობს.


close დახურვა