logo
ENG



პენიტენციური: მელიას ტელევიზორით სარგებლობა შეეძლება, თუ ციხეში არსებულ მაღაზიაში შეიძენს

23 თებ 202123:53
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური: მელიას ტელევიზორით სარგებლობა შეეძლება, თუ ციხეში არსებულ მაღაზიაში შეიძენს
ვახო ქარელი/ფორმულა

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებული ნიკა მელია ციხეში ტელევიზორით იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ მას დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში შეიძენს. უწყება განმარტავს ლოგისტიკურ პროცედურებს და აცხადებს, რომ მანამდე ბრალდებულს საბანკო ბარათი უნდა დაუმზადონ.

"ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას.

ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება", - წერია განცხადებაში.

23 თებერვალს, დღის ბოლოს სახალხო დამცელი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მელიას საპატიმრო პირობები მოინახულა. მისივე ცნობით, მას არ აქვს ტელევიზორი და დააყენა ეს მოთხოვნა.

"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები. არ აქვს ტელევიზორი და დააყენა ეს მოთხოვნა. მოპყრობასთან და პირობებთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია. მთხოვა მეგობრებისთვისაც გადმომეცა, რომ თავს გრძნობს ყოჩაღად", - ამბობს ნინო ლომჯარია.

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.


close დახურვა