logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილის საკვების მიღებაზე კადრების გასაჯაროება მსჯელობის საგანია

06 ნოე 202118:13
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური: სააკაშვილის საკვების მიღებაზე კადრების გასაჯაროება მსჯელობის საგანია
კადრები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროებაზე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია. ნიკა ცხვარაშვილის კომენტარს პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.

მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.

"გიდასტურებთ, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით; ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური  წვენების. ეს პერიოდი,  მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ  საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის", - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა. 

ამასთან, მონიტორინგით მიღებული ინფორმაციის შედეგად, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს. 

კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულები დღეს, 6 ნოემბერს რუსთავის ციხეში გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს.

როგორც ომბუდსმენის სამსახური წერს, ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

როგორც სახალხო დამცველი წერს, იგი, ასევე შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხსაც.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მან დღეიდან უარი განაცხადა ყველანაირი წვენის, გლუკოზისა და ელექტროლიტების, მედიკამენტებისა და მკურნალობის ნაწილის მიღებაზე, ასევე რიგი გამოკვლევების ჩატარებაზე.

ამის მიზეზია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს იგი იკვებება. 


close დახურვა