logo
ENG



პენიტენციურში ამბობენ, რომ სააკაშვილისთვის შეზღუდვები არ დაუწესებიათ

08 დეკ 202100:58
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციურში ამბობენ, რომ სააკაშვილისთვის შეზღუდვები არ დაუწესებიათ

სპეციალური პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არც შეხვედრები შეუზღუდავათ და არც ტელევიზორი ჩამოურთმევიათ. როგორც უწყებაში ამბობენ, რომ მე-18 დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა .

"ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი", - აცხადებენ უწყებაში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მე-18 დაწესებულების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ სამედიცინო აპარატის დაზიანების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინურ ზომებს გაატარებდნენ, რის გამოც შეხვედრები და ტელევიზორზე წვდომა შეეზღუდება. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის შემდეგ მიიღეს. ამის გამო სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი თქვა

დღეს, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანომობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.


close დახურვა