პენტაგონი არასასურველს უწოდებს პოლონეთის წინადადებას მოიერიშე თვითმფრინავების, MiG 29-ების გადაცემის შესახებ, რომელიც შემდეგ უკრაინას უნდა მიეწოდოს.
პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პენტაგონი კავშირშია პოლონეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ქვეყნის წინადადება აჩვენებს უკრაინაში მებრძოლების გადაყვანის სირთულეს.
"ჩვენთვის არ არის ნათელი, აქვს თუ არა ამ წინადადებას არსებითი დასაბუთება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და NATO-ს მოკავშირეებთან ამ საკითხისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება სასურველია". - თქვა კირბიმ.
მისივე შეფასებით, პოლონეთის იდეა შესაძლოა დიდი რისკის შემცველი იყოს, ვინაიდან აშშ და NATO ცდილობენ, თავი აარიდონ კონფლიქტს რუსეთსა და ალიანსს შორის.
ჯონ კირბის ამ განცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმაც თქვა, რომ პოლონეთის შეთავაზება მოულოდნელი იყო.
8 მარტს პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი ყველა გამადგურებელი MIG-29 რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და აშშ-ის მთავრობის განკარგულებაშია.
პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უკრაინას უჭერს, თუმცა, პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ უკრაინას იარაღს პირდაპირ ვერ გადასცემენ, ვინაიდან პოლონეთი კონფლიქტში მონაწილე მხარე არ არის.
ამასთან, პოლონეთი აშშ-ს სთხოვს, მიაწოდოს გამოყენებული საფრენი აპარატები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მზად არის, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები.
პოლონეთის ხელისუფლება ასევე მოუწოდებს NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც MIG-29-ებს ფლობენ, ანალოგიურად მოიქცნენ.