logo
ENG



პენტაგონის მაღალჩინოსანის თქმით, რუსეთს საქართველოდან ძალები უკრაინის მიმართულებით გაჰყავს

25 მარ 202223:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/e3kkyedwfaf7zba.jpg

CNN-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს საქართველოდან სამხედრო ძალები უკრაინის მიმართულებით გაჰყავს.

როგორც CNN-ი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, საქართველოში დისლოცირებული რუსი სამხედროები უკრაინაში მყოფი ჯარისკაცების დასახმარებლად გადაჰყავთ.

მაღალჩინოსანი ამბობს, რომ "ამერიკამ საქართველოდან გარკვეული რაოდენობის ჯარის გადაადგილება დააფიქსირა", თუმცა პენტაგონს არ შეუძლია ზუსტი მონაცემების მიწოდება, თუ რამდენ ჯარისკაცზე ან რა ვადებზეა საუბარი.

"ახლა ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ რუსეთს საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ძალები გაჰყავს", - თქვა მან და დაამატა, რომ ჯარის გადაადგილებას ჰაერიდან არ აწარმოებდნენ.

CNN-ი წერს, რომ პენტაგონისთვის ასევე უცნობია უკრაინის კონკრეტულად რომელ ნაწილში გადაჰყავთ რუსებს ჯარები, თუმცა უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ "კრემლი დონბასის პრიორიტეტზე საუბრობს".

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთს შავ ზღვაში 22 გემი ჰყავს, რომელთა უმეტესობა სადესანტოა. 

"ჩვენ ვხედავდით როგორ გადაადგილდებოდნენ ისინი აზოვის ზღვაში საზღვაო დესანტის გასაყვანად, რათა მარიუპოლში ძალები აღედგინათ, მაგრამ ვერ ვნახეთ, რომ ოდესის მიმართულებით წასულიყვნენ", - აღნიშნა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, რუსეთს შეეძლო ამ გემების გამოყენება, რათა უკრაინის მიმართულებით რაკეტები ესროლა, თუმცა ამერიკას ჯერ არ უნახავს, რომ მსგავსი ნაბიჯები გადაედგათ.

 


close დახურვა