საქართველოს პენცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. პენცენტრი საზმაუს მოუწოდებს, უზრუნველყოს საეთერო ბადის თავისუფლება, მრავალფეროვნება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 წლიდან ხურავს ერთ არხს და ექვს გადაცემას, მათ შორის რამდენიმე ყველაზე რეიტინგულს და ამის მიზეზად ახალ შენობაში გადასვლას და ორგანიზაციული ხარჯების ზრდას ასახელებს.
მწერალ დავით გორგილაძის საავტორო გადაცემის, გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის შენარჩუნების მოთხოვნით საზოგადოების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, პეტიციას ხელს აწერს 3600-ზე მეტი ადამიანი.
პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს დავით გორგილაძეს და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელთა გადაცემები დაიხურა და მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს უზრუნველყოს საეთერო ბადის თავისუფლება, მრავალფეროვნება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.
დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ, 16 დეკემბერს გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, "რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება" მიუღებელია. მათ ეს გადაწყვეტილება "გაზრდილი კაპიტალური ხარჯებით" ახსნეს, რაც არხის განცხადებით,"სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.
***
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.
ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.