პერსონალურ მონაცებთა დაცვის სამსახური რუსული კანონის მოწინააღმდეგებთან განხორციელებულ მუქარის ზარებზე განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ მუქარაზე მიუთითებდა. მათი განცხადებით, ეს ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მომართვების ამ ნაწილს შემდგომი რეაგირებისთვის უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში გააგზავნიან.
"რაც შეეხება წარმოდგენილი მომართვების იმ ნაწილს, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მათში მითითებული ფაქტების კანონიერების შეფასებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში, ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილების და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ, ასევე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად შესწავლისთვის აუცილებელი სხვა ქმედებები"
მათივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მონაცემთა დამუშვებისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დაევალებათ, სამსახურს წარუდგინონ განმარტებები ნომრების მოპოვებისა და გამოყენების გზების, სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნის შესახებ.
"იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, სამსახური მიმართავს ამავე კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, დააკისრებს დამრღვევ პირებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელს", - ნათქვამია განცხადებაში.