კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპის მიღმა არსებობენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს შეიძენენ თუ ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.
„ევროპა არაა ბუნებრივი აირის ერთადერთი მომხმარებელი და ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ბუნებრივი აირი სჭირდება.
არის რეგიონებიც, რომლებიც მაქსიმალური სისწრაფით ვითარდებიან. მათ შეუძლიათ დააკომპენსირონ ევროპაში გაზზე მოთხოვნა“ - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ, გაზპორმმა უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის სანქციების ფონზე ევროპისთვის გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა, რის მიზეზიც მისი თქმით, ისაა, რომ მომხმარებლები ენერგორესურსების საფასურის გადახდა არა რუბლში არამედ დოლარსა და ევროში სურთ. გაზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთი დასავლურ სანქციებს ასახელებს.
იმ ქვეყნებს შორის, ვინც რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა გაზარდა ჩინეთიცაა. მან წელს რუსეთისგან მეტი მოცულობის ენერგორესურსები უფრო დაბალ ფასად შეიძინა.
ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ენერგომომხმარებელია, წელს იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით რუსეთიდან 43.68 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი, გაზი, ქვანახშირი და ელექტრორესურსები იყიდა.
2022 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში ჩინეთმა 2021 წელთან შედარებით 50%-ით მეტი ბუნებრივი აირი, 6%-ით მეტი ქვანახშირი და 39%-ით მეტი ელექტროენერგია იყიდა.